
გეოგრაფია - ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან. ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით —ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
მნიშვნელოვანი ძეგლები:
მუცო - იგი ულამაზესი სოფელია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხევსურეთის და საქართველოს შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცვლი იყო. საგულისხმოა, რომ დღესდღეობით ის გაუკაცრიელებულია. შემორჩენილია ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე ძველი სტრუქტურის ნანგრევი. მიუხედავად იმისა, რომ ის რთულად მისადგომია, მაინც პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთასვლელებისათვის და მისი რეაბილიტაციის შემთხვევაში ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა.
შატილი - ქართული სამშენებლო ხელოვნების უბრწყინვალესი, უნიკალური ნიმუშია. კლდეზე შეფენილი სოფელი საცხოვრებელიც იყო, ციხე-სიმაგრეც, რომელმაც საუკუნეთა მანძილზე ერთგულად უდარაჯა საქართველოს ჩრდილოეთის გადმოსასვლელებს.შატილის სკოლაში ბევრი ნიჭიერი ახალგზარდა გაიზარდა, თუმცა სამწუხაროა, რომ უსახსრობის გამო არ ჰყავთ მასწავლებლები, ამიტომ, შატილის სკოლის დასახმარებლად, ყოველწლიურად, 26 ივნისს ტარდება ხევსურული საღამო მზიურში.საღამოდან შემოსული თანხა მთლიანად ხმარდება შატილის სკოლას.
პრობლემები ხევსურეთში - მნიშვნელოვანი პრობლემა ხევსურეთში გაუკაცრიელებაა. ახალგაზრდები ცდილობენ გაექცნენ მთის მკაცრ პირობებს და ბარში დაიმკვიდრონ ადგილი. ამ პროცესს ხელს უწყობს ისიც, რომ არ არის მოგვარებული სამედიცინო მომსახურების პრობლემა, თუმცა ამ ბოლო დროს ერთგვარი ყურადღება ექცევა ძეგლების რეაბილიტაციის საკითხებს, რაც თავისთავად ტურისტების მოზიდვას უწყობს ხელს, ტურისტების სიმრავლე კი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას აძლევს შემოსავლის წყარო ჰქონდეთ.
რელიგია ხევსურეთში - მიუხედავად იმისა, რომ ხევსურები მართლმადიდებელი და ღრმადმორწმუნე ხალხია, დღემდე დგას სოფლებში ეკლესიის პრობლემა. თუმცა, ამჟამად შატილში ადგილობრივი მოსახლეობის და საპატრიარქოს ძალისხმევით უკვე დაიწყო ტაძრის მშენებლობა.
ისტორია - სახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება.
მთავარი პრობლემაა ასევე ის, რომ ხევსურეთის ისტორია შეუსწავლელია არქეოლოგიური მასალისა და წერილობითი წყაროების სიმცირის გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლეგენდის თანახმად ხევსურები დიდი განძის მცველები იყვნენ და შესაძლებელია როდესმე მნიშვნელოვანი აღმოჩენების მოწმენი გავხდეთ.
ტრადიციები - ხევსურები ტრადიციული ხალხია და ამ ტრადიციებს უფრთხილდებიან, თუმცა ზოგიერმა მათგანმა აქტუალურობა დაკარგა, მაგ. როგორიცაა სისხლის აღება. თუმცა, მე მიმაჩნია რომ სისხლის აღება გამართლებული იყო, იმ მხრივ, რომ ის პასუხისმგებლობას აღვივებდა იმ მკაცრ პირობებში მაცხოვრებელ ხალხში, რომელთაც უდიდესი მისიაც ეკისრათ, ყოფილიყვნენ სამშობლოს საზღვრების სადარაჯოზე. თითოეული მათგანი იმ აზრით იზრდებოდა, რომ კაცის მოკვლა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ნათესავების წინაშე, რადგან მის ერთ შეცდომას შეიძლებოდა მისი უახლოესი ნათესავის სიცოცხლე შეწირვოდა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძბოამ და ადათ-წესების ერთგულებამ შეაძლებინა ამ ხალხს, გაეძლო ამ უმკაცრესი პირობებისთვის.
ხევსურთა სიმკაცრეს ხაზს უსვამს ასევე ის ფაქტი, რომ მათ ეკრძალებოდათ მიცვალებულის დატირება, ქალის მიერ ქმრის, ძმის, შვილის დატირება ხევსურეთში სირცხვილად ითვლებოდა. ხევსურთა მიერ მიცვალებულის გლოვა რიტუალს უფრო ჰგავდა და ეს მოგვაგონებს კორსიკელი ხალხის მიერ მიცვალებულის დატირებას, რომელსაც სახელად ” ბალატა” ერქვა. ამის შესახებ ალექსი ჭინჭარაული თავის წიგნში ”მთას ვიყავ” წერს:”ყოველი წინადადება ხევსურული ხმითნატირალის ფრაზებს გვაგონებს, ისეთივეა აზრი - მიცვალებულისთვის ”ჯვარის დაწერა”, ზედამრჩოთათვის ნუგეშის ცემა, იმის შეხსენება, რომ მას შვილები დარჩნენ იმედად და სხვ.”
ხასიათი - ხევსურები გამორჩეულად სტუმართმოყვარე, ტრადიციების მიმდევარი, მამაცი, ნიჭიერი, დინჯი და ერთგული ხალხია. სწორედ ამ ერთგულების გამო იყო, რომ ერეკლე მეორეს პირად დაცვაში სამასი ხევსური მეომარი ჰყავდა.
სამზარეულო - ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს ვახშამი. პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგიათ.
პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. იფქლს ქერ-სვილაში გაურევენ და ისე აცხობენ ხატობასა და ქორწილში. პურს აცხობენ ნაფუარსა (ხაშიანს) და უფუარს (უხაშოს). ჩვეულებრივ, აცხობენ და ჭამენ უფუარსა და უმარილო ქერის პურს. ასეთი ქერის პური ზინტლია და უგემური. საშიანაო პურს არც კი სცრიან. პური აქ ცხვება მრგვალი ფორმისა და ლავაში. მაგრამ ბედნიერ დღეებში (ქორწილი, სტუმრობა და სხვა) აცხობენ აგრეთვე მრგვალ ხმიადებს, რომლებსაც საჭვრეთათ აჭრელებენ, ხოლო მის ნაპირებს ხელით მოჭრეხენ. საჭვრეთა ხისაა, მასზე სხვადასხვა ნიშნებია ამოჭრილი და ყველა ოჯახს თავიანთი ნიშნიანი საჭვრეთა აქვს.
რძის ნაწარმებიდან ჭამენ ერბოსა და ნაღებმოხდილ ყველს, აგრეთვე კალტს, კარაქს და ნაღებს არ ჭამენ. რძესაც ზოგი არ სვამს. ჭამენ კარაქის-ძირს, რომელსაც სიმინდის ფქვილს მოაყრიან და კოვზით ჭამნე.
ხორცეულიდან ჭამენ ხარისა, ძროხისა და ცხვრის ხორცს. ხორცს უფრო მოხარშულსა და მშრალს ჭამენ, წვნიანებიდან ყაურმას აკეთებენ. ნანდირევიდნ ჭამენ უფრო ჯიხვის ხორცს. ჯიხვი ხევსურეთში ბევრია, განსაკუთრებით არხოტისა და შატილის მთებში. ჯიხვზე ნადირობაში ხევსურები დახელოვნებული არიან და ბლომადაც ხოცავენ. ჯიხვის ტყავის ქურქად იყენებნ და ყიდიან. ჯიხვის ტყავი აქ ერთ ლიტრა ერბოდ იყიდება. ღორსა და კურდღელს ხევსური არ ჭამს, ხატი კვიკრძალავსო, ზოგან ქათამსა და მის კვერცხსაც არ ჭამენ, - ხატისა გვეშინიაო. თევზს კი ჭამენ. ხორცს ხევსურები ახმობენ და ისე ინახავენ.
საჭმელს ხევსურები მარილით აზავებენ, მაგრამ მარილს აქ დაზოგვით ხარჯავენ და მარილის მომჭირნეობის მიზნით ხევსურები უმარილო პურსაც კი ჭამენ. მარილი ხევსურეთში ძნელი საშოვარია და ას ბარიდან ჯორებით ეზიდებაინ თურმე. ქისტები სოფ. დათენში ”ვეძის მარილს” ხარშავდნენ და ხმარობდნენ.
პირაქეთი ხევსურები მარილს ხორნაულეთის მჟავე წყლიდან ადუღებდნენ თურმე და ამ მარილს საჭმელში ხმარობდნენ.
სასმელი ხევსურთში ძლიერ უყვართ და დღესასწაულებში და მიცვალებულის რიგის სუფრა უსასმლოდ არ გაიშლება. სასმელს თვითონვე ამზადებენ - არაყსა და ლუდს.
არაყს ხდიან ქერისას, სვილისას და ქერ-სვილისას, აგეთვე ზოგჯერ დიდგულასა და ანწლისაგანც. ხევსურები სვილისა და ანწლის არაყს უფრო ამჯობინებენ, რადგანაც მას მეტი ძალა აქვს და სასმელადაც უკეთესიაო. ლუდი ხევსურეთში საპატიო სასმელია. ლუდი ქერისა და სვილისაგან იხარშება. ღირსებით აქ სვილის ლუდს ამჯობინებენ. სალუდე ჭირნახულს ჯერ ფორად აქცევენ და შემდეგ მას დაფქვავენ. ფქვილს წყალში ჩაყრიან და ადუღებენ. როცა ის დაიდუღებს, გასაწურავად ტომრებში ჩაასხამენ, თავებს ჭუჭკით მოუკრავენ და მას ორკაპიან ”კედნით” (ჯოხი) მოუჭერენ: პარკიდან ლუდის წვენი ქვაბში იწურება. ტომარაში რჩება მხოლოდ ქატო, რომელსაც საქონელს აჭმევენ.
გამონაწურ ლუდის ტკბილს ისევ ქვაბში ჩაასხამენ, სვეს (ბალახია) ჩაატანენ და ადუღებენ. როცა ტკბილი დაიდუღებს, მას ხელმეპრედ კარგად გასწურავენ, ლუდს შეანელებნ, შემდეგ კოდში ჩააყენებნ და ჭიჭს მისცემენ. ჭიჭი ლუდის წვენს ოთხ დღეში დაამაჭრებს და მეხუთე დღეს მშუშხავ ლუდს მიირთმევენ. ხევსურები ლუდს კარგად აკეთებენ და ბევრსაც სვამენ.
თამბაქოს ხევსურეთში თითქმის ყველა ეწევა. ხშირად ქალები და ბალღებიც თუთუნს აბოლებენ.
ხალხური რეწვა - ხელოსნობას ხევსურები არ მისდევენ და ხელოსნებად აქ უფრო გუდამაყრელები და მთიულები მუშაობენ. წინათ ხევსურეთში ყოფილან ოქრომჭედლებიც, რომლებიც ამზადებდნენ: ყაწიმებს, ბალათებს, ხმლის ქარქაშებს, ფარებს, ჩაჩქანს და სხვა. დღეს ეს ხელოსნობა დაცემულია, რადგანაცყველა ამ იარაღ-სამკაულზე ნაკლები მოთხოვნილებაა და, ვისაც სჭირია, ქალაქებში ყიდულობს და იქიდან ეზიდება. ხევსურის ქალები ქსოვენ შალს (ტოლს), რომლითაც ოჯახი იმოსება. ტოლის ქსოვას ხევსურეთში არა აქვს ფართო მოხმარების ხასიათი. ის მხოლოდ ოჯახს ხმარდება და ბაზარზე გასაყიდად არ გააქვთ. სასიამოვნო ფაქტია, რომ დღემდე არსებობენ ამ ორნამენტების მცოდნე ხალხი, თუმცა საშიში არის ის ფაქტი, რომ თუ ხალხი არ ისწავლის ხევსურული ტანსაცმლის ქსოვას, შესაძლოა ეს ცოდნა დაიკარგოს და მომავალმა თაობებმა ვერ ისწავლონ.